ქართველების უიღბლო დღე ევროჩელენჯზე

ჩვენთან რომ შობა დგებოდა, ევროპაში ევროჩელენჯის მორიგი ტურის მატჩები მიმდინარეობდა და მოედანზე გასვლა ამ ტურნირის მონაწილე რამდენიმე ჩვენიანს მოუხდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ „ქართულმა“ გუნდებმა თავი ვერ ისახელეს, გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის „ტარტუ როკმა“ იტალიაში „ვირტუსთან“ 85:95 წააგო, მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევი“ ტალინში „კალევთან“ 76:82 დამარცხდა, ხოლო ქართულპასპორტიანი ტაირონ ელისის „კახასოლი“ ბელგიაში „ლიეჟს“ დაეჩაგვრინა. ჩვენც მივყვეთ თანმიმდევრობით…
 

მანუჩარ მარკოიშვილმა “კალევთან” 10 ქულა მიითვალა
 
ალბათ მოულოდნელი ის უფრო იქნებოდა, ტარტუელებს ბოლონიაში „ვირტუსი“ რომ დაემარცხებინათ, რადგან ეს იტალიური კლუბი აქამდე ჯგუფში დაუმარცხებელი გახლდათ და თან შინ თამაშობდა. საბოლოოდ რაც გამოვიდა, თავში ვთქვით, თუმც ისიც აღსანიშნავია, რომ ესტონურ გუნდს იოლად არ დაუთმია არაფერი და გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა.
ჩვენთვის კი უფრო გულდასაწყვეტი ისაა, რომ „როკის“ ქართველებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს. გიორგი ცინცაძემ 23 წუთი ითამაშა და მეტოქის ფარს მხოლოდ 2–ჯერ შეუტია, საიდანაც ბოლონიელთა კალათში 1 მოათავსა და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა, რასაც 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 6–ჯერ დაკარგა. ვიქტორ სანიკიძეს კი ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ამავე ჯგუფში რუსულმა „სამარამ“ ბელგიური „ოსტენდე“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი მეორე ადგილი „როკს“ აართვა. ბოლო ტურში სამარელები ჯგუფის ლიდერ „ვირტუსს“ ხვდებიან და თუ მოიგებენ, „როკი“ განწირულია, არადა, ქართველების გუნდს ბელგიაში „ოსტენდეს“ დამარცხება მართებს.
კიდევ უფრო დაძაბულ მატჩში დამარცხდა მანუჩარ  მარკოიშვილის „ბკ კიევი“, რომელმაც 76:82 წააგო ტალინის „კალევთან. კიეველები მატჩის უდიდესი ნაწილი ლიდერობდნენ, გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე 2 ქულითაც იყვნენ წინ, თუმცა ბოლოს აღარ გაუმართლათ და 6 ქულით წააგეს.
მარკოიშვილმა კიეველთაგან ყველაზე მეტი, 37 წუთი ითამაშა და 10 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მანუჩარმა ჩააგდო 6–დან 3 ორქულიანი, 4–დან 1 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო, თუმც ეს ტალინელთა დასამარცხელბლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მიუხედავად ამ მარცხისა, „ბკ კიევი“ ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატია. მარკოიშვილის გუნდს 3 მოგება აქვს 2 მარცხის წილ, მეორე ადგილზე იმყოფება და თუკი ბოლო ტურში შინ გერმანულ „სკაილაინერზს“ დაამარცხებს, ჯგუფიდან გავა.
 

ტაირონ ელისი
 
იგივე სიტუაციაშია ტაირონ ელისის „კახასოლიც“, რომელიც A ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება და თუკი ბოლო ტურში შინ ლატვიურ „ვენტსპილსს“ მოუგებს, შემდეგ ეტაპზე გადის. სევილიელებს წუხელ ბელგიაშივე შეეძლოთ ჯგუფიდან გასვლის განაღდება, მაგრამ იქაურ „ლიეჟთან“ ხელი მოეცარათ – 62:69.
ტაირონ ელისი ვერ იყო ისეთ მოწოდების სიმაღლეზე, როგორც მისგან არიან თავისიანები ნაჩვევნი. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 30 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
„ევროჩელენჯის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური 13 იანვარს გაიმართება.