16–წლამდელებმა ესპანეთში პორტუგალიასთან 3 ქულით წააგეს

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა ესპანეთის ქალაქ ისკარის საერთაშორისო ტურნირში თამაში. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა კადეტებმა ჯგუფის ბოლო ტურში მასპინძლებთან დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ, დღეს ტურნირის უკანასკნელი შეხვედრა გამართეს მეორე, პარალელურ ჯგუფში ჩვენსავით მეოთხე ადგილზე გასულ პორტუგალიელებთან და დაძაბულ ბრძოლაში – 71:74 დამარცხდნენ.
თამაში თავიდანვე თანაბარი იყო – ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხან მეორე. ქართველებს წინამძღოლობდნენ ოთარ ფხაკაზე და ირაკლი ნადირაძე, რომლებმაც საბოლოოდ 18–18 ქულა დააგროვეს. გეგი მესხს კი 10 ქულა მოუგროვდა. ბოლო წუთებზე ჩვენებს კი ჰქონდათ გამარჯვების შანსი, მაგრამ საბოლოოდ პორტუგალიელებმა უფრო იყოჩაღეს და ისკარის საერთაშორისო ტურნირის მე–7 ადგილი ქართველებს წაართვეს.