საქართველომ საკვალიფიკაციო ტურნირი ლუქსემბურგში მოგებით დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და ლუქსემბურგში მიღწეული გამარჯვებით(98:65) შედარებით ძლიერ მეტოქეებთნ ბრძოლის წინ დადებითი განწყობა შეიქმნა. მასპინძლები რომ ქართველებს სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნიდნენ, თავიდანვე ცხადი იყო და თამაშმა ისე ჩაირა, იგორ კოკოშკოვის გუნდის უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.
შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იგორ კოკოშკოვის ოფიციალური დებიუტიც შედგა და სერბმა სპეციალისტმა ლუქსემბურგში მიღწეული გამარჯვებით პირველი ნაბიჯი გადადგა იმ გზაზე, რომელიც A დივიზიონისკენ მიდის და რისი გავლაც ჩვენი ნაკრების მთვარი მიზანია. ეს შეხვედრა ოფიციალური კი იყო, მაგრამ ის შეიძლება კიდევ ერთ დამატებით მოსამზადებელ მატჩად გამოეყენებინა კოკოშკოვს და სავარაუდოდ, ის ასეც მოიქცა. ლუქსემბურგამდე საქართველოს ნაკრებმა 7 სპარინგ–მატჩი გამართა და მიუხედავად იმისა, რომ ლუქსემბურგი არ ითვლება ჩვენიანთათვის ღირსეულ მეტოქედ, ეს შეხვედრა მაინც ჩინებული შესაძლებლობა იყო შესათამაშებლად და ტაქტიკის დასახვეწად.

ვიქტორ სანიკიძემ ლუქსემბურგში იყოჩაღა
იგორ კოკოშკოვმა ერთის გარდა ყველა კალათბურთელი ათამაშა. ახალგაზრდა მიხეილ ბერიშვილის დებიუტი ოფიციალურ მატჩებში გადაიდო, სამაგიეროდ შედგა 17 წლის თორნიკე შენგელიას სანაკრებო “ნათლობა”, რომელმაც მატჩის ბოლო 2 წუთი ითამაშა და თითო ქულა–ჩაჭრა მიითვალა.
კოკოშკოვმა ის ხუთეული ათამაშა, რომელსაც მანამდელ მატჩებში ეყრდნობოდა: გიორგი ცინცაძე, ტაირონ ელისი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია. ყველა მათგანმა უწია ათქულიან ზღვარს, თუმცა გამორჩულად ელისი და სანიკიძე გაისარჯნენ. ელისმა 24 ქულა მოაგროვა, სანიკიძემ კი 20 ქულას 12 მოხსნაც მოაყოლა და ფიბა–ევროპის ოფიციალური ვებ–გვერდის ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გამოსარჩევია ზაზა ფაჩულიას გუნდური თამაში. შეხვედრაში ყველაზე მეტი პასი(3) სწორედ მის და ელისის ანგარიშზე იყო. საბოლოოდ კი ფაჩულიას 11 ქულა დაუგროვდა.
რაც შეეხება თავად მატჩს, ინტრიგა მხოლოდ საწყის წუთებზე შენარჩუნდა. მასპინძლებმა ქართველების სადებიუტო ადაპტაციით ისარგებლეს და მეოთხე წუთისთვის 11:10 იგებდნენ, თუმცა ეს იყო მათი მაქსიმუმი. კოკოშკოვის გუნდი რამდენიმე წამში სანიკიძემ დააწინაურა და მას შემდეგ ჩვენები რომ მიყვნენ, მატჩის ბოლომდე უპირატესობა 33 ქულამდე გაზარდეს.
ქართველებმა მასპინძლებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო რგოლსა თუ კომპონენტში აჯობეს. კოკოშკოვის შეგირდებმა საშუალო მანძილებიდან სროლათა 70% გამოიყენეს (40–დან 28), რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენებმა მოხსნეს მეტოქეზე 23–ით მეტი ფარიდან ასხლეტილი ბურთი და ესროლეს ლუქსემბურგელებზე 24–ით მეტი საჯარიმო. ერთი სიტყვით, ქართველებმა დამაჯერებლად იმარჯვეს, თუმც როგორც მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის წევრმა ანატოლი ბოისამ თქვა, უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო.
“მეტოქე არ იყო ისეთი, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია. ჩვენ შეგვეძლო უფრო დამაჯერებლად გამარჯვებაც, თუმცა რაღაც მომენტებში ხელი გვეშლებოდა და მხოლოდ 33 ქულით მოვიგეთ –  გვითხრა ანატოლი ბოისამ –თუმცა ეს არაფერია, მთავარია, 2 ქულა შევიმატეთ და მომავალი მატჩისთვის კარგი განწყობა შევიქმენით. გუნდში დიდი მობილიზებაა, ძალიან კარგ ფორმაშია ყველა და დარჩნილ მატჩებში მხოლოდ მოგებას ვგეგმავთ. მჯერა, რომ ეს ასეც იქნება”.
საქართველოს ნაკრები მატჩის მეორე დღესაც ლუქსემბურგში დარჩება, ივარჯიშებს და 8 სექტემბერს ავსტრიული შტაინბრუნის სპორტულ კომპლექსს დაუბრუნდება. კოკოშკოვის გუნდი მეორეს უკვე ირლანდიისკენ აიღებს გეზს, სადაც 10 სექტემბერს ქალაქ დუბლინში მასპინძლებს დაუპირისპირდება. ირლანდიამ პირველი ტურის მატჩი შვედეთში გამართა და 63:82 დამარცხდა. ჩვენი ჯგუფის მეხუთე წევრი სლოვაკეთი კი ამ ტურში ისვენებდა.