დავით უსტიაშვილი ბელარუსიდან: მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს!

ხვალ, თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე ბელარუსის პროვინციულ ქალაქ მაგილოვოში საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სეზონის ყველაზე პრინციპული მატჩი დაიწყება. იგორ კოკოშკოვის გუნდი A დივიზიონში გადასასვლელ საპლეიოფო დაპირისპირების პირველ მატჩში ბელარუსის ნაკრებს გაეჯიბრება და ამ მატჩის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა. თუკი ქართველებმა გამარჯვება მოახერხეს, ან თუნდაც მცირე სხვაობით დამარცხდნენ, 9 სექტემბერს ბელარუსს თბილისში ვმასპინძლობთ და A დივიზიონში გადასვლისმეტოქეზე უკეთესი შანსი გვექნება.
ერთი სიტყვით, ხვალინდელ მატჩზე ბევრი რამ ჰკიდია და ჩვენებიც მზად არიან საბრძოლველად. კოკოშკოვის გუნდი ბელარუსში დღეს გამთენიისას ჩავიდა და იმ დარბაზში, რომელშიც მატჩი უნდა გაიმართოს, უკვე ივარჯიშა. მოგილოვოში ტელეფონით გავესაუბრეთ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ დავით უსტიაშვილს.

– ახლახან მოვრჩით ვარჯიშს. ბელარუსებმა დარბაზი 5–დან 6 საათამდე დაგვითმეს და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერად ვივარჯიშეთ.
– დარბაზით კმაყოფილი ხართ?
– ჩვეულებრივი, სტანდარტული დარბაზია. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი სპორტის სასახლესავით ტევადი არაა. დაახლოებით 2500 კაცი თუ დაეტევა, თუმცა როგორც ამბობენ, ამდენი მაყურებელი აქ იშვიათად მოდის.
– მოგილოვო მოშორებითაა მინსკის აეროპორტიდან და მგზავრობამ ხომ არ დაგღალათ?
– ბუნებრივია, დავიღლებოდით, მაგრამ არც ისე, რომ ამის გამო რამე დისკომფორტი შეგვექმნას. სტუმარი გუნდი ყოველთვის იღლება და ჩვენც ვერ გავექეცით ამას. მინსკის აეროპორტში ბელარუსის კალათბურთის ფედერაციამ ავტობუსი დაგვახვედრა, რომლითაც მაგილოვომდე 2 საათი ვიმგზავრეთ, დილის ვარჯიში, რა თქმა უნდა, არ გვქონია. სასტუმროში რომ შევედით, ვჭამეთ და დავისვენეთ. ხვალისთვის, სანამ მატჩი დაიწყება, დაღლოლობა აღარავის შეაწუხებს.
– სასტუმროთი თუ ხართ კმაყოფილი, მასპინძლებმა რამე დისკომფორტი ხომ არ შეგიქმნეს?
– არა, ყველაფერი ნორმალურად და ზომიერების ფარგლებშია. სასტუმრო არაა 5–ვარსკვლავიანი და ასეთი არც გვჭირდება. ყველაფერი გვაქვს, თავი რომ კომფორტულად ვიგრძნოთ და ხვალინდელ მატჩზე მოვახდინოთ კონცენტრაცია.
– რამდენად დაინტერესებულნი არიან მაქაურები ხვალინდელი მატჩით?
– ვარჯიში დახურული იყო, ხოლო დასრულებისას ერთი კამერა გამოჩნდა, ადგილობრივმა ტელევიზიამ ჩვენი გუნდის წევრებს კომენტარები სთხოვა და ეგ იყო. სხვა მხრივ ისეთი არაფერი.
– თქვენ თუ ნახეთ ბელარუსების გუნდის წევრები, ან მათი ვარჯიში?
– არა, მათი ვარჯიშიც თავისთავად დახურული იყო. ბელარუსის შვეიცარიასთან და მონტენეგროსთან მატჩების ვიდეოფირი გვაქვს და არაერთხელ გავარჩიეთ კიდეც. ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. ძლიერი რომ არ იყოს, პლეი ოფში ვერ გავიდოდა. ძალიან რთული მატჩი გველის და ვცდილობთ, ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ და მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ.
– ტრავმა ხომ არ აწუხებს ვინმეს?
– მცირე ტრავმები კი არის, მაგრამ ეს არაფერია, აქამდეც არ ვიყავით უამისოდ. მთავარია, სერიოზული არაფერია და ხვალისთვის ყველა მზად იქნება საბრძოლოდ.
– დაბოლოს, რომელი იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი?
– რა თქმა უნდა, გამარჯვება.
– მცირე სხვაობით დამარცხებაც უპირატესობას არ მოგვანიჭებს საპასუხო, თბილისური მატჩის წინ?
– ეგ შესაძლოა, ეგრეა, მაგრამ გამარჯვებას დიდი ფსიქოლოგიური მუხტი აქვს და ჩვენც მხოლოდ მოგებაზე ვართ ორიენტირებულნი.