ფაჩულიამ “ვაშინგტონს” არ ააცილა

დღეს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” ვაშინგტონს ეწვია და ლიგის ერთ-ერთ მაჩანჩალა “ვიზარდსს” საკმაოდ რთულ ბრძოლაში 98:89 მოუგო.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ 18 წუთში თითქმის უშეცდომოდ ითამაშა. ზაზამ 6-ვე საჯარიმო და 2-ვე ორქულიანი ჩააგდო და 10 ქულას 5 მოხსნა წაამატა, მსაჯებს კი ერთადერთი ჯარიმა დასტყუა.
მატჩში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედის მოკლე მონაკვეთი გამოდგა, როდესაც საყაიმო ანგარიშზე (61:61) ატლანტელებმა მცირე მონაკვეთი 20:6 მოიგეს და მეტოქისთვის გადასწრების საშუალება აღარც მიუციათ. მატჩში საუკეთესო შედეგი “ჰოუქსის” წევრ მარვინ უილიამსს აღმოაჩნდა – 28 ქულა, ჯო ჯონსონი კი 16 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგ დუბლს გამორჩა.
“ვაშინგტონის” ლიდერმა ანტუან ჯეიმისონმა მასპინძლებს 23 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი შესძინა.
34 მოგებითა და 26 წაგებით “ატლანტა ჰოუქსი” სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს ინარჩუნებს.
ხუთშაბათ დილით ფაჩულიას კლუბი ნიუ იორკს ეწვევა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 საფეხურზე მყოფ “ნიუ იორკს” ეთამაშება.